Followers

სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არა ტურიზმი საქართველოში?

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო 2011 წელს აფასებს, როგორც ყველაზე დინამიკურს ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრის განვითარებში. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად სააგენტო ტურისტების გაზრდილ ნაკადს იშველიებს. 2011 წლის 10 თვეში საქართველოში 2.3 მილიონი უცხოელი მოგზაური ჩამოვიდა , რაც 42 პროცენტით მეტია 2010 წლის 10 თვის მონაცემებზე. ანუ ნაკადი 686 932 ტურისტით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ტურიზმის ზოგიერთი ესქპერტი მაინც ფიქრობს, რომ დარგის განვითარების პრიორიტეტები არასწორად არის განსაზღვრული; რომ არ არის გათვალისწინებული ამ სფეროში ქვეყნის კონკურენტული უპირატესობა. ტურიზმის ეროვნულ სააგენტოშიც აცხადებენ, რომ შემუშავებულია როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სტრატეგია. მოკლევადიან სტრატეგიაში შედის საქართველოს კურორტებზე და სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში მოკლევადიანი ტრენინგების ჩატარება. გრძელვადიანი სტრატეგია კი ითვალისწინებს ამ სფეროში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. საუბარია მომსახურების ხარისხისა და ადამიანური რესურსის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ასევე იგეგმება საქართველოს პოპულარიზაცია და რეკლამირება, რომ ქვეყანამ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე თავისი მნიშვნელოვანი ნიშა დაიკავოს. წელს უკვე გამოყოფილია პროფესიული სასწავლებლები როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან მომსახურების ქვედა და საშუალო საფეხურის პერსონალის მომზადება-გადამზადებაზე, როგორიცაა მიმტანი, მზარეული, ბარმენი და სხვა. ტურიზმის ეროვნული სააგენტო აპირებს გახსნას სასწავლო-კვლევითი ცენტრები, სადაც ტურიზმის ექსპერტები და სტუდენტები შეძლებენ დარგში სსხვადასხვა კვლევის ჩატარებას და ნარკვევების გამოქვეყნებას. ზოგადად, ტურიზმის დეპატრამენტის ხელმძღვანელს მაია სიდამონიძეს მიაჩნია, რომ ეს დარგი საქართველოში ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ იგი ასახელებს ყველა იმ პროექტს, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართულებით განხორციელდა: ძველი კურორტების რეაბილიტაცია, ახალი კურორტების შექმნა, სამთო-სათხილამურო, საზღვაო, სამედიცინო და სპა კურორტების განვითარება და სხვ. ყურადღების მიღმა არც ღვინის ტურიზმი რჩება, რაშიც კახეთს ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს. ასევე აღსანიშნავია იმერეთში წყალტუბოსა და სათაფლიის მღვიმეების აღდგენა. როგორც სააგენტოში ამბობენ, უკვე წელსვე ორივე მღვიმე სავსე იყო უცხოელი და ქართველი ტურისტებით. მაია სიდამონიძე საუბრობს ბათუმზეც, რომელიც შავიზღვისპირა ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქია. ბათუმი, თავისი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებიდან გამომდინარე, უკვე ყოველი სეზონის მიმართულება გახდა ტურისტებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ქსელების განვითარება და ახალი აეროპორტების მშენებლობა. უკვე გახსნილია მესტიის აეროპორტი. საფუძველი ჩაეყარა ქუთაისის აეროპორტის მშენებლობას, რომელიც გახდება ერთგვარი ტურისტული ჰაბი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოსთვის. წელსვე დაინიშნა ბევრი პირდაპირი რეისი თბილისისა და ბათუმის მიმართულებით როგორც ევროპული, ისე აზიური ქვეყნებიდან. ბაზარზე შემოვიდა რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანია. გამარტივდა სავიზო რეჟიმი რიგ ქვეყნებთან, რაც პირდაპირი რეისების დანიშვნასთან ერთად ძირითად წინაპირობას წარმოადგენს ტურისტების ნაკადის ზრდისთვის. შედეგად, 2011 წლის 10 თვეში რეკორდულად მოიმატა მოგზაურების რაოდენობამ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: ირანი (194 პროცენტით), ყაზახეთი (162 პროცენტით), ჩინეთი (140 პროცენტით) და პოლონეთი (77 პროცენტით). დაიწყო საგზაო-ტურისტული ნიშნების პროექტების განხორციელება, რომელიც მოიცავს საქართველოს ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებამდე საინფორმაციო მანიშნებლების დამონტაჟებას. ეტაპობრივად მოხდება საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ღირსშესანიშნაობამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. ტურისტული საინფორმაციო ცენტრები გაიხსნა ტურისტულად მნიშვნელოვან ყველა რეგიონში. დღევანდელი ტენდენციებიდან გამომდინარე საერთაშორისო მოგზაურები ახალ მიმართულებებს ეძებენ. მათ კარგად აითვისეს ევროპისა და აზიის ქვეყნები და ახალ, განსხვავებულ შთაბეჭდილებებს ეძებენ. ამ მხრივაც საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი გახდეს ტურისტებისთვის პოპულარული მიმართულება, ვინაიდან საკმაოდ მცირე ფართობის საქართველო მდებარეობს ზუსტად ევროპისა და აზიის გასაყარზე. აქვს მთები, ზღვა, ულამაზესი და ხელშეუხებელი ბუნება, სხვადასახა კლიმატური ზონა, ეროვნული პარკები და ტყეები, სამკურნალო გარემოთი და მინერალური წყლებით. ამ ყველაფერს თან ერთვის უძველესი ისტორია, მდიდარი კულტურა, ღვინო და სამზარეულო, განსაკუთრებული ქართული სტუმართმოყვარეობა. სწორედ ამიტომ ტურისტების უმრავლესობა ქვეყანას სტუმრობდა დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით; ასევე - შემეცნებითი, სათავგადასავლო, კულტურული მიზნით. პოპულარულია ეკოტურიზმი, ღვინის ტურიზმი, ბიზნესტურიზმი და სხვ. ტურისტებისთვის ყველაზე აქტიური და დატვირთული ზაფხულის სეზონია. ტრადიციულად ტურისტების რაოდენობა პიკს აგვისტოს თვეში აღწევს. მიმდინარე წელს განსაკუთრებით აქტიური სეზონი სექტემბრის თვეშიც გაგრძელდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს, როგორც ტურისტული მისამართის, ცნობადობა მსოფლიოში ჯერ კიდევ დაბალია. საქართველო მარკეტინგული და პიარღონისძებებით ცდილობს მაქსიმალურად გაზარდონ ქვეყნის ცნობადობა საზღვრებს გარეთ. ქვეყანა მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში, მასპინძლობს ტურისტულ ოპერატორებსა და ჟურნალისტებს, თანამშრომლობს ისეთ ტელევიზიებთან როგორიცაა CNN, Travel Channel და სხვა; ეწყობა ქართული კულტურის დღეები საზღვარგარეთ. რა არ მოსწონთ ექსპერტებს? ექსპერტები არ კამათობენ იმაზე, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროექტები მართლა საჭირო იყო საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის. ისინი მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რომ პროექტები არასწორად შეირჩა. საქართველოში ტურიზმი ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება, რაც ძალიან დიდ რესურსებს და ძალსიხმევას მოითხოვს როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან. ექსპერტები ამბობენ, რომ შეზღუდული რესურსების პირობებში უმჯობესია მოხდეს გარკვეული პრიორიტეტების განსაზღვრა, ნაცვლად იმისა, რომ ერთდროულად მოხდეს ყველა მიმართულების განვითარება, რაც ტურიზმთან არის დაკავშირებული. პრიორიტეტი უნდა იყოს ტურიზმის იმ სახეობების განვითარება, სადაც მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოს აქვს უპირატესობა. მაგალითად, პილიგრიმული ტურიზმი, ღვინის ტურიზმი და ა.შ. აქ უნდა გამოირიცხოს საზღვაო ტურიზმი, რადგანაც საქართველო მასშტაბის ეფექტიდან და უკეთესი საზღვაო სეზონიდან გამომდინარე კონკურენციას ვერ გაუწევს მეზობელ თურქეთს. პრიორიტეტების სწორ შერჩევას კი საკმაოდ ღრმა და მრავლისმომცველი კვლევის განხორციელება სჭირდება. ამ კვლევაზე დაყრდნობით უნდა მომზადდეს ტურისტული სექტორის შემდგომი განვითარების სტრატეგია. საქართველოში კონკურენტუნარიანი ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში წარმოდგენილი უნდა იყოს რეგიოენებში ტურიზმის განვითარების მიკროსტრატეგიები, სადაც დიდი ადგილი დაეთმობა ადგილობრივი მოსახლების ჩართვას ტურიზმის ინდუსტრიაში და მათთვის ხელშეწყობას, ადგილობრივ დონეზე განავითარონ თავიანთი მატერიალური რესურსი. ასევე, აიმაღლონ პროფესიული დონე ტურისტთა მომსახურების მიმართულებით. მთავრობის დაუხმარებლად რეგიონებში მოსახლეობა ვერ შეძლებს კონკურენტული ტურისტული პროდუქტისა და მომსახურების წარმოებასა და მიწოდებას, როგორც შიდა ტურისტების, ისე უცხოელი ტურისტებისათვის. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკურ მონაცემებში ისეთივე ადგილი ეთმობა ტურისტთა რაოდენობის აღრიცხვას, როგორც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების დათვლას. ამიტომ საჭიროა ტურიზმის ისე განვითარება, რომ შესაძლებელი გახდეს ტურისტების ნაკლები ნაკადიდან მივიღოთ მეტი შემოსავალი; ანუ ისეთი ტურიზმის განვითარება, როდესაც ერთი მილიონი კაცის შემოყვანა ქვეყნის ბიუჯეტში ისეთივე შემოსავლებს შემოიტანს, როგორც ორჯერ და სამჯერ მეტი ტურისტის ჩამოსვლის შემთხვევაში; მომგებიანი იქნებოდა ისეთი გასართობი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომ ტურისტებმა რაც შეიძლება მეტი ფული დახარჯონ საქართველოში. ქვეყანაში ტურიზმის განვითარების სტრატეგია უპირველეს ყოვლისა უნდა გულისხმობდეს ტურისტული პროდუქტის დაბალ ფასსა და მომსახურების მაღალ ხარისხს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება საქართველოს ტურიზმი კონკურენტუნარიანი იყოს უპირველეს ყოვლისა მეზობლი ქვეყნების ბაზრებზე. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ მთავრობამ უკვე გააკეთა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა ტურიზმის განსავითარებლად. ახლა უკვე დროა, ქართველმა ხალხმა გააგრძელოს ეს პროცესი. მაგალითად, ააშენოს კარგი სასტუმროები, სადაც ტურისტები გაჩერდებიან. რადგანაც ტურისტების რაოდენობა საქართველოში იზრდება, მათ სჭირდებათ ადგილი, სადაც დასვენება შეეძლებათ. ასევე, თავიანთი სტუმართმოყვარეობით და კარგი მასპინძლობით გაუჩინონ სურვილი ტურისტებს კიდევ ერთხელ ესტუმრონ ქვეყანას.

No comments:

Post a Comment