Followers

რას წერენ უცხოელი ტურისტები საქართველოზე?..

ზაფხულის დადგომასთან ერთად, თბილისსა და მთლიანად საქართველოში, უცხოელი ტურისტების რაოდენობა მომრავლდა. ოფიციალური მონაცემების გარეშეც, მიუხედავად არდადეგების და შვებულებების პერიოდის სულ ახლახანს დაწყებისა, რთული შესამჩნევი არ არის, რომ წელს მათი რიცხვი, გასულ წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. თვალშისაცემია, საქართველოში რუსი ტურისტების სტუმრობის მატებაც. საქართველოს დათვალიერების მსურველები, სულ უფრო ხშირად ჩნდებიან დედაქალაქში, თუ ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში. უცხოური ტურისტული საიტები კი საქართველოში მრავალრიცხოვან ტურებს სთავაზობენ მსურველებს. ყველაფრიდან ჩანს, რომ ჩვენს ქვეყანაზე მოთხოვნამ, ტურისტებში საგრძნობლად მოიმატა.საინტერესოა, რა შთაბეჭდილება რჩებათ დამთვალიერებლებს საქართველოზე და როგორ აცნობენ მას საკუთარ თანამემამულეებს? ამბობენ, ყოველი ერთი კმაყოფილი ტურისტის“ სანაცვლოდ“, ამ უკანასკნელის სამშობლოში დაბრუნების მერე, შემდეგ წელს, გარანტირებულად, სულ მცირე, სამი-ოთხი ტურისტი მაინც ჩამოდის. შესაბამისად, საქართველოს სტუმრების რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება. ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ტურიზმი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიოტიტეტად აქვს გამოცხადებული, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სტუმრის აზრი. საინტერესოა, რას წერენ საქართველოს შესახებ ის უცხოელები, რომლებმაც მოინახულეს ჩვენი ქვეყანა, როგორ უზიარებენ შთაბეჭდილებებს თანამემამულე, სხვა პოტენციურ ტურისტებს?! ინტერნეტში განთავსებული მასალებიდან, ამ კუთხით, ბევრი რამის გაგება და ანალიზი შეიძლება. აქ, ძირითადად, აღმოსავლეთ ევროპელების და ყოფილი საბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრების რეპორტაჟები და მოგონებები სჭარბობს. განსხვავებით სეპარატისტული აფხაზეთისგან, რუსი ტურისტები ქართული სასტუმროების, რესტორნების და მომსახურების სფეროს ნაკლოვანებებს სულაც არ უჩივიან. პირიქით, უკვირთ ნანახი, რადგან ეს უკანასკნელი მათ მოლოდინებს აშკარად აჭარბებს. ევროპელებს დედაქალაქში, განსაკუთრებით, ძველი ნაწილი ხიბლავთ, კოპწია სახლებით და მომხიბვლელი აივნებით. მათ ისიც აინტერესებთ, ეს სახლები ასე იმიტომ გამოიყურება, რომ შეკეთება ვერ მოხერხდა, თუ, უბრალოდ, კოლორიტისთვისაა. თუმცა, ყველა მათგანი, ძველი თბილისით აღფრთოვანებულია. სხვათა შორის, მოხიბლულები არიან „მშვიდობის ხიდით“, რომელიც ქართველების ნაწილში რატომღაც ირონიას და სკეპტიციზმს იწვევს. სომხეთ-აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და ბალტიისპირეთიდან ჩამოსულ სტუმრებს, როგორც ჩანს, საქართველოს შესახებ მთლად რეალისტური წინასწარი ინფორმაცია არ აქვთ. ამიტომ ამ კატეგორიის ტურისტების ჩანაწერებში ხშირად შევხვდებით გაკვირვებას იმის შესახებ, რომ თბილისში უამრავი ძვირადღირებული ავტომანქანა დადის. უცხოელებს ქართველების გადაჭარბებული სიყვარულიც შეუნიშნავთ ჯიპებისადმი. ქართული ფსიქოლოგიის ნაკლებად მცოდნე სტუმრები ამას თბილისის და საქართველოს მთაგორიანი რელიეფით ხსნიან. საბჭოთა სივრციდან ჩამოსული ტურისტების თითქმის არცერთი ჩანაწერი არ არის, სადაც ქართული პოლიციით აღფრთოვანება არ იყოს გამოთქმული. ეს განსაკუთრებით მათ ეხებათ, ვინც მეზობელი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან გადმოდის საქართველოში და შედარების საშუალება ეძლევა. მაგალითად, ერთ-ერთი რუსი ტურისტი წერს: „საქართველოში აბსოლუტურად არაკორუმპირებული პოლიციაა. რამდენიმე წლის წინ, პრეზიდენტმა სამსახურიდან 35 000 პოლიციელი დაითხოვა და სრულიად ახალი კადრები მიიღო, დაუნიშნა კარგი ხელფასი. ქართული პოლიცია ურთიერთობისას ძალიან ზრდილობიანი და კეთილია, მაგრამ საკმარისია მცირე დარღვევა, რომ ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დაგსჯიან, ყოველგვარი კორუფციული გარიგებების გარეშე. საქართველოს გზებზე შეგიძლია მშვიდად იარო, მთავარია, არ დაარღვიო კანონი.“ უცხოელებს ქართველების გამორჩეული ნომრებისადმი სიყვარულიც შეუნიშნავთ და ამას ჩანაწერებში ხშირად აღნიშნავენ. რუს ტურისტებს, გარდა პოლიციის თავაზიანობისა და კანონმორჩილებისა, საქართველოში ყველაფერი უკვირთ: მათ შორის, პარლამენტის შენობის წინ მცირერიცხოვანი აქცია, რომელიც თავისთვის მშვიდად მიმდინარეობს და ისიც კი, რომ ოპოზიციონერებს საზოგადოებრივი მაუწყებელი საეთერო დროს უთმობს. ერთ-ერთი ევროპელი ტურისტი კი წერს: საქართველო ყველაზე მეტად ირლანდიას ჰგავს: სანაგვე ყუთები თბილისში ზუსტად ისეთივეა, როგორიც დუბლინში, საკუთარ მიწის ნაკვეთებს, სვანეთის მთიან სოფლებში, ადგილობრივი მიწათმოქმედები ზუსტად ისეთსავე ქვის ნახევარმეტრიან ღობეს ავლებენ, როგორსაც დასავლეთის სანაპიროს ირლანდიელი ფერმერები“. უცხოელებს, მათი ჩანაწერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, განსაკუთრებით ხვდებათ თვალში ის, რომ საქართველო ძალიან რელიგიური ქვეყანაა და ეკლესიების, მონასტრების, წმინდა ადგილების რაოდენობა წარმოუდგენლად დიდია. ერთ-ერთი მათგანი გაოცებული იმასაც აღნიშნავს, რომ აქ მეხუთე საუკუნეზე ადრინდელი ეკლესიები ახლად ითვლება. „პირჯვრის გადაწერა მიღებულია არა მხოლოდ ეკლესიაში შესვლისას, არამედ მაშინაც, როცა ტაძარს გვერდით ჩაუვლი. ცოტა უცნაურად გამოიყურება ძველ თბილისში ავტობუსები, ყველა მგზავრი, ყოველ ორ წუთში, თითოეულ ეკლესიასთან ჩავლისას, ერთდროულად იწერს პირჯვარს. გორაკებზე და გზის მონაკვეთებზე კი განათებული ჯვრებია განთავსებული. ღამით თავს მაღლა აწევ და ცაში ჯვარია“ – წერს საქართველოს სტუმარი. ქართული სტუმართმოყვარეობა ტურისტების ჩანაწერების მთავარი თემაა. „თუ თქვენ საქართველოში მეგობრები გყავთ, ჩათვალეთ, რომ სამოთხეში ხართ. გატარებენ მანქანით, გაჭმევენ, დაგალევინებენ, გაგართობენ და ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ კარგი შთაბეჭდილებები დაგრჩეთ. ხოლო ამისათვის არაფერს გადაგახდევინებენ, რადგან სტუმრისათვის ფულის გადახდევინებას, შეურაცხყოფად თვლიან“. ტურისტების ნაწილს აკვირვებს ახალი გზები, ავტოსტრადები, საცხოვრებელი სახლები, რომლებიც სოკოებივით მრავლდება, და ცდილობენ გაარკვიონ, ეს ყველაფერი რა თანხებით კეთდება. სიახლეები განსაკუთრებით მათთვისაა თვალშისაცემი, ვინც რამდენიმე წლის წინაც იყო თბილისში და ქალაქი დანგრეული გზებით და ნაცრისფერი შენობებით დაამახსოვრდა. ტურისტების ნაწილი ქართული რელიგიური დღესასწაულების და ტრადიციების შესახებ წერს. „ძველ დროში, ქართველი ქალები ლოცულობდნენ, რომ მათ ვაჟიშვილებს ჭრილობა მკერდში მიეღოთ და არა ზურგში. ქალს აქ დიდ პატივს სცემენ, ამიტომ გასული საუკუნის 70-იან წლებში, თბილისში დადგეს ქანდაკება „ქართვლის დედა“. ალბათ, მცირედ მოიძებნება დედამიწაზე ადგილი, სადაც ეროვნული სიმბოლო ქალია და არა კოლოსალური ზომის მამაკაცის სკულპტურა“ – წერს ევროპელი ტურისტი. სტუმრები აღნიშნავენ იმასაც, რომ მთელ მსოფლიოში ღვინის დაყენების მხოლოდ ორი კლასიკური მეთოდი არსებობს: ევროპული და კახური. სწორედ კახური მეთოდი აძლევს ქართულ ღვინოს განუმეორებელ გემოს და ამით განსხვავდება ევროპული ღვინისაგან. „არცერთ ადგილს ჩემზე ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, როგორც საქართველოს. ეს არა მხოლოდ სხვა კულტურაა, სხვა ხალხი, სხვა ქვეყანა, არამედ, უბრალოდ, სხვა სამყაროა“ – ასე ასრულებს ჩვენს ქვეყანაში საკუთარი მოგზაურობის აღწერას ერთ-ერთი უკრაინელი ქალბატონი.

No comments:

Post a Comment